მეთოდური ნაშრომები


                       მეთოდური ნაშრომი
  ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექს ,,ცისა ფერს“ სწავლება
          მასწავლებელი დალი თურქაძე
რთული,ტკივილიანი ცხოვრების გზა განვლო ჩვენი ერის საამაყო შვილემა ნიკოლოზ ბარათაშვილმა.
      პოეტმა გააფართოვა ქართული პოეზიის იდეების სამყარო,სიახლე და თავისუფლება მისცა პოეტურ თემებს და მოტივებს, ლექსის ფორმას.იგი ახალი ტიპის პოეტად გვევლინება.ბარათაშვილმა ქართულ პოეზიას მისცა მსოფლიო რეზონანსი.თავისებურად აყენებდა დამოუკიდებელი ცხოვრების რთლ პრობლემებს,ორიგინალურადაც წყვეტდა მათ. თავისებური და საინტერესოა მისი თითოეული ლექსი.
         მოსწავლეებს შევახსენებ,რომ ბარათაშვილის ცხოვრება თითქმის მლიანად ბრძოლაა ბედთან,ახალგაზრდა კაცი ებრძვის ცხოვრების წინააღმდეგობებს.პოეტი მკაცრ შეფასებას აძლევს მძმე ეკონომიური ცხოვრების გამო მიღებულ გადაწყვეტილებას -კანცელარიის მოსაწყენ გარემოცვაში ჩაეხშო თავისი დიდი შემოქემედებითი ნიჭი - ,, განვჰწესდი სამსახურში და დაუმორჩილდი ჩემს მკაცრ ბედსა.თუმცა ხანდახან ჯავრით დავაპირებ ხოლმე მასთან შებმას.ან ჩემი ბედი და ან ჩემი სურვილის აღსრულება.“ ამ და სხვა წერილების საფუძველზე მივდივართ დასკვნამდე-მისი ცხოვრება მკაცრ ბედთან დაუსრულებელი ბრძოლაა.
         ქართულ ლიტ-ში იგი აქტიური,მებრძოლი რომანტიკოსის სახელით დამკვიდრდა,რომანტიზმა მის შემოქმედებაში კულმინაციას მიაღწია.
                მოსწავლეებს ვახსენებთ რომანტიზმს,ქართული რომანტიზმის თავისებურებას. ყურადღებას ვამახვილებ,რომ რომატიკოსებისათვის დამახასიათებელია ბუნების და სიყვარულის თავისებური განცდა.
             პოეტი უდიდეს ყურადღებას უთმობს ზოგადსაკაცობრიო საკითხებს.სწორედ ამ ფონზე იშლება ბუნება და სიყვარული მის შემოქმედებაში.ილია ამბობდა: ,,ნიკ.ბარათაშვილს ხშირად მოსდიოდა ფიქრად საყოველთაო საკითხი,რომლის პასუხსაც იგი ეძებდა მარტო თავის გულში კი არა,მთელს კაცობრიობის გულში...კაცობრიობის წყურვილს ქართველიც თანა მოზიარედ გაუხადა და კაცობრიობის წყურვილის მოსაკლავად წყაროს ქართველიც დააწაფა.“
               მოსწავლეებს ვახსენებ რამდენიმე ლექსს(,,ფიქრნი მტკვრის პირას“, ,,შემოღამება მთაწმინდაზედ“.),სადაც იგი გვევლინება ადამიანის ბედზე ფილოსოფიურად დაფიქრებულ პოეტად.ცხოვრების წინააღმდეგობებით,ხანაც უიმედო სიყვარულით დაღლილი ბუნებაში ეძებს ,,განსვენებას“
          პოეტმა სიყვარულის განცდაც თავისებურად გადმოგვცა.აქვვე ვახსენებ რამდენიმე ლექსს,რომელიც წინასწარ მაქვს მიცემული კლასგარეშედ წასაკითხად-,,საყურე“ , ,,როს ბედნიერი ვარ“ , ,,ნა...ფორტეპიანოზე მომღერალი“ , ,,ჩემს ვარსკვლავს“. აქვე ვახსენებ  მოსწავლეებს,რომ 1844 წლის ნოემბრიდან პოეტი  ნახჭევანში იძულებით მუშაობს.თვითონვე ამბობს: ,,ჩვენი აქ ცხოვრება,სწორე გითხრა,ტანჯვისა და უსიამოვნების მეტი არა არის რა.“  ნახჭევნიდან უგზავნის მაიკო ორბელიანს ხალხურ კილოზე დაწერილ ერთ-ერთ თავის უკანასკნელ ლექსს ,,მადლი შენს გამჩენს,ლამაზო“
                     მოსწავლეებს ვახსენებ,რომ რომანტიკოსი პოეტი შვებას ბუნებაში ეძებს. მას ბუნებაზე გადაჰქონდა თავისი მეოცნებე სული.იგი ღრმად მოაზროვნე პოეტია,განუყოფელია ბუნებისაგან.
რომანტიკოსი პოეტისათვის თავისებურ ემოციებს იწვევს ღამე, ,,კბილი მდელო“, ,,მოდუდუნე მტკვარი“ , ,,მოწყენილი არემარე“ და ცისფერი,ლურჯი ფერი.
         მოსწავლეებს მოკლედ ვესაუბრები,რომ პოეტი თავის შემოქმედებაში წარმოგვიდგენს რომანტიზმის არსებით ნიშანს-განსაკუთრებულ მისწრაფებას ცისფერისადმი. ცნობილია,რომ ცისფერი რომანტიკოსებმა გადააქციეს სიმბოლოდ ბედნიერებისა,სილამაზის და ჭეშმარიტების ძიებისად.პოეტი სიყრმიდანვე ეტრფოდა ცისფერს,ლურჯს,არაამქვეყნიურ ფერს.
                         ,,ცისა ფერს,ლურჯსა ფერს,
                          პირველად ქმნილსა ფერს
                           და არა ამ ქვეყნიურს,
                           სიყრმიდან ვეტრფოდი.“
ქალის თვალებშიც ცისფერს ეტრფოდა,სიკვდილის შემდეგაც მშობლიური ცრემლის ნაცვლად ლურჯი ცა დააფრქვევს მას ციურ ცვარს.
                 ბარათაშვილმა,როგორც ტიპიურმა რომანტიკოსმა,შეიყვარა ცისფერი და ის გახადა თავისი იდეალის სიმბოლოდ.
                  მოსწავლეებს წარმოდგენას ვუქმნი,ვახსენებ ლირიკულ გმირს (ვახსენებთ განმარტებას).
                   ლექსის სათაურს ვწერ დაფაზე.
მუშაობის პროცესში მოსწავლეები აღნიშნავენ,რომ ბარათაშვილი მიმართავს ცისფერ სიმბოლიკას.როგორც ცნობილია,ცისფერი-მიუღწეველ მისწრაფებათა,დამსხვრეულ ოცნებათა,საერთოდ,აწმყო სინამდვილისაგან განსწრაფების სიმბოლო-სწორედ რომანტიკოსებმა დაამკვიდრეს ლიტერატურაში.
მოსწავლეებს გავაცნობ სტროფებს ლექსიდან ,,შემოღამება მთაწმინდაზედ“
       ,,ჰე,ცაო,ცაო,ხატება შენი ჯერ კიდევ გულზედ
                                                         მაქვს დარჩენილი!
        აწცა რა თვალნი ლაჟვარდს გიხილვენ,მყის
                                                ფიქრნი შენდა მოისწრაფიან,
        მაგრამ შენამდის ვერ მოაღწევენ და ჰაერშივე
                                                           განიბნევიან!“
              დიახ, ,,ცა“ , ,,ლაჟვარდი“ რომანტიკოსთა სიმბოლიკაა.(ვახსენებ განმარტებას)
     რომანტიკოსი პოეტის დამოკიდებულება ამგვარ განცდასთან კარგად ჩანს ლექსში ,,ცისა ფერს“
                   შესავალი მუშაობა მიმდინარეობს სოკრატეული მეთოდის მიხედვით.მოსწავლეები აქტიურობენ,პასუხობენ კითხვებზე,იხსენებენ პოეტის შემოქმედებიდან შესაბამის ადგილებს.
        შესავალი მუშაობით კლასს ვამზადებ ლექსის ტექსტის გასაცნობად.
                გაკვეთილის მიზანია : ა) ნიკ.ბარათაშვილის ლექსის ,,ცისა ფერს“ გაცნობა-ანალიზი. ბ) ლექსის ფორმასა და შინაარსზე დაკვირვების უნარ-ჩვევის გამომუშავება.
        ვკითხულობ  ლექსს მთლიანად,გამომეტყველებით. (შეიძლება წავაკითხოთ მოსწავლესაც,რომელიც კარგად კითხულობს ლექსს)
      ვსვამ კითხვას,თუ რა ემოციური ზეგავლენა მოახდინა ლექსმა მათზე,როგორია პირველი კითხვით მიღებული შთაბეჭდილება (ასეთი კითხვის დასმა მიმაჩნია საჭიროდ,რომ მოსწავლეებს ვასწავლოთ მოსმენა და განცდა.) შემდეგ  ვიწყებ შერწყმით ლექსის იდეურ და მხატვრულ ანალიზს.
     სალექსიკონო მუშაობა შეიძლება ჩავატაროთ ზეპირი წინსწრების მეთოდით (თუ არსებობს მათთვის გაურკვეველი სიტყვები).
     კითხვა-პასუხის მეთოდით ვიწყებ ლექსის დამუშავებას სტროფებში დასმული საკითხების მიხედვით.
სანიმუშო კითხვარი:
1. როგორ ფერად წარმოუდგენია რომანტიკოს პოეტს ცისფერი?რატომ?
                (მაინტერესებს მოსწავლის მისეული ახსნა,შეძლებისდაგვარად სხვებიც ავსებენ პასუხს,ახასიათებენ რომანტიკოსთა მისწრაფებას ცისფერის სიმბოლიკასთან-შესწავლილი მასალის,შესავალი საუბრის საფუძველზე)
2.რატომ ეტრფოდა პოეტი სიყრმიდან ამ ფერს?(თქვენი აზრი დაადასტურეთ შესწავლილი მასალის გამოყენებით)
               მოსწავლეები ავსებენ ერთმანეთის პასუხს.იმართება ერთგვარი პაექრობა.
  3. რატომაა არაამქვეყნიური ფერი ცისფერი?(ეძლევათ მითითება- გამოიყენონ კლასგარეშე ლიტ-რა,რომანტიკოსთა შემოქმედება)
  4. რატომ ამბობს პოეტი ,,სისხლი მაქვს გაციებული“?
     მოსწავლეები საუბრობენ პოეტის პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრებით გამოწვეულ ტკივილზე.ვეხმარები,ვახსენებ სხვადასხვა წერილს ამ პრობლემასთან დაკავშირებით,ვკითხულობთ სათანადო ადგილებს წერილებიდან.
      მოსწავლეები მიდიან დასკვნამდე,რომ ,,ტანჯვა იყო პოეტის ცხოვრება“
   5. რამ განაპირობა პოეტის ასეთი მტკიცე ფიცი,გადაწყვეტილება-,,ვფიცავ,არ ვეტრფო  აროდეს ფერსა სხვასა“?
     ნასწავლი და კლასგარეშე წასაკითხად მიცემული ლექსების საფუძველზე მოსწავლეები ავითარებენ საკუთარ თვალსაზრისს.მონაწილეობას ვღებულობ მეც.ვახალისებ,ვაქებ,მივმართავ წახალისების ვერბალურ ფორმებს.ვუღვივებ მუშაობის ინტერესს. (ვიყენებ უზნაძის განწყობის თეორიას)
  6. რა ფერის თვალები ხიბლავს პოეტს და რატომ? (როგორ ავლებს კავშირს,,მოსრული იგი ცით“ ანუ ცას)
      მოსწავლეები გადმოგვცემენ საკუთარ მოსაზრებებს,უსწორებენ პასუხებს ერთმანეთს,შედიან საქმიან პოლემიკაში.
  7. რა განცდას იწვევს პოეტში ცისფერი,რატომ,რა მიზნით მიიწევს მისი ფიქრი ,,ცისა ქედს“?
       მოსწავლეები საუბრობენ პოეტის,როგორც მამულიშვილის,ღრმა ადამიანური განცდების მქონე ლირიკულ გმირზე,მის სურვილებსა და მისწრაფებებზე.პარალელს ავლებენ განხილულ მასალასთან.
  საუბრობენ პოეტის ფიქრებზე,პოეტის მსხვერპლზე.
  8. საიდან ჩანს,რომ პოეტისთვის ოცნების სამყარო უფრო მნიშვნელოვანია,ვიდრე რეალური ცხოვრება?
     მოსწავლეები პასუხების დასადასტურებლად კითხულობენ სტროფებს ტექსტიდან.
  9. როგორ განჭვრიტა პოეტმა საკუთარი სიკვდილი ლურჯ ფერთან კავშირში (მოძებნეთ სტროფები ლექსიდან)
      მოსწავლეები კითხულობენ ბოლო ორ სტროფს და ერთხმად აღნიშნავენ,პოეტი ელის,რომ მშობლიური ცრემლის დაფრქვევის ნაცვლად,ლურჯი ცა დააფრქვევს ციურს,მისი სამარე ლურჯი ნისლით დაიბურება.
     მოსწავლეებს მოკლედ ვახსენებ-ვუკითხავ სტროფებს ,,მერანიდან“,სადაც იგივე აზრია-სურვილია გადმოცემული.ვაკეთებთ დასკვნას ლირიკული გმირის თავისებურ ბედზე.ლექსებში მოცემულ  წინასწარგრძნობას ვაკავშირებთ მის რეალურ ცხოვრებასთან.
 (პოეტს აუხდა ყოველივე-უცხო მიწაზე გათხრილ სამარესთან ვერ დაიტირა სამშობლომ,მშობლებმა,სატრფომ.)
       მოსწავლეები მიდიან დასკვნამდე-რომანტიკოსი პოეტი იყენებს დამახასიათებელ სიმბოლიკას-ცისაფერს,ლურჯ ფერს- პიროვნების დაუკმაყოფილებელი მისწრაფებების,აუხდენელი ოცნებებისა და უკეთესი,უმაღლესი იდეალებისადმი ლტოლვის გადმოსაცემად.
      ბუნება - ,,სანატრი ფიქრებისათვის“  განაწყობს პოეტს,ოცნებები ხომ რომანტიკოსისათვის ყველაზე მეტადაა დამახასიათებელი.ცისფერი,ლაჟვარდი ცა უწყობს ხელს ლირიკულ გმირ-პოეტს,იფიქროს ,,ცოდვა-ბრალიან“ , ,,წყევლა-კრულვიან“ წუთისოფელზე და გააკეთოს საფუძვლიანი დასკვნა: ,,არც კაცი ვარგა,რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს,| იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნვოს!“
     ჩემი დახმარებით (ვიყენებ ინდუქციის მეთოდს) მოსწავლეები აკეთებენ დასკვნას-პოეტის მიზანია,დაეფიქრებინა მომავალი თაობა,რა მძიმე ხვედრი ერგო მას და მისი თაობის ახალგაზრდობას,როგორ ეღობებოდა მათ მისწრაფებებს ცხოვრებაში გამეფებული სიმკაცრე,წინააღმდეგობები (სოციალური,პოლიტიკური,ეკონომიური),ოცნებათა აღსრულებაში.რაში,სად უნდა ეგრძნი პოეტს შვება?სად განექარვებინა მოწოლილი ფიქრები?ვინ ან რა გახდებოდა მისი მესაიდუმლე? - მხოლოდ ბუნება-სიამის,ტკბილი ოცნებების მომტანი, ,,დამამშვიდებელი“ ფერი-ცისფერი,ლურჯი ფერი.ლექსში მნიშვნელოვანია კავშირი ბუნებასთან.
       მოსწავლეთა ძალებით ვმუშაობ მხატვრულ მხარეზე.ტექსტზე დაკვირვებით ვძებნით არქაიზმებს (როს,ოდეს,მოსრული...) , რითმებს(ვიხსნებეთ განმარტებებს),გამოვყოფთ მსგავს მარცვლებს,(ვიხსენებთ ნასწავლ მასალას), ყურადღებას ვამახვილებთ რითმასამა და რიტმზე.
       მოსწავლეები აღნიშნავენ,რომ ლექსი მოსასმენად სასიამოვნოა,დამაჯერებელია.ტონი,ბგერათა ჰარმონია საინტერესოს ხდის მის მუსიკალობას.
         დასასრულს-ლექსის საბოლოო აღქმისათვის ტექსტს გამომეტყველებით ვაკითხებ მოსწავლეს.
               შემდეგ  კლასს  ვყოფ  ჯგუფებად  და  თითოეულ  ჯგუფს  ვაძლევ  სათანადო  დავალებას:
   ა) ბუნებასთან კავშირი ლექსის მიხედვით (დაწერონ მოკლედ)
   ბ) მოძებნონ ტექსტში არქაიზმები
   გ) პოეტის ოცნების სამყარო (დაწერონ ესე)
        თითოეული ჯგუფიდან ლიდერი წარმოადგენს ნამუშევარს,გააკეთებს პრეზენტაციას.
      მოსწავლეები აფასებენ ერთმანეთის ნამუშევარს,არჩევენ საუკეთესოს.
   შემაჯამებელ სიტყვაში მადლობას ვუხდი მოსწავლეებს ერთობლივი თანამშრომლობისთვის და ვაძლევ საშინაო დავალებას:
1. ნიკ.ბარათაშვილის ლექსი ,,ცისა ფერს“ ზეპირად.
2. დაწერონ ესე თემაზე - პოეტი და  ბუნება ლქესის მიხედვით.
(ლექსის სწავლებას ვუთმობ ერთ საათს. ,,ცისა ფერს“  დაცული იყო ეკატერინე ჭავჭავაძის არქივში)
    გამოყენებული ლიტ-რა :
ა)  შ.რადიანი ,,ახალი ქართული ლიტ-რა“
ბ)  პედაგოგიური ჟურნალი ,,ქართული ენა და ლიტ-რა სკოლაში“

                                                                                    დალი თურქაძე




დანართი : ( მეთოდური ნაშრომი )

       მოსწავლეთა შემოქმედებითი აზროვნების განვითარება ,,ვეფხისტყაოსნის“ პროლოგის სწავლებისას

            კოგნიტური თეორიის თანახმად შემოქმედებითი ადამიანი არის მკვლევარი,რომელიც ეფექტურად ურთიერთობს სამყაროსთან ინფორმაციის გადამუშავების,მოვლენათა პროგნოზირების გზით.
           მეცნიერთა შეხედულებით ყოველ ადამიანში არის შემოქმედობითობის საწყისი, რომელიც შემდეგ ფართოვდება.შემოქმედებითი ,,მე“ ზეგავლენას ახდენს პიროვნების გადაწყვეტილებებზე,მას საკუთარი ცხოვრების არქიტექტორად აქცევს.
          მასწავლებელმა ყველა საგაკვეთილო პროცესში ყურადღება უნდა გაამახვილოს და აკონტროლოს მოსწავლეთა სწრაფვა ამ კუთხით.მოსწავლეები უნდა მივაჩვიოთ,იაზროვნონ შემოქმედებითად,დამოუკიდებლად.
           როჯერსის თეორიის თანახმად ხელი უნდა შევუწყოთ შინაგან და გარეგან ფაქტორებს.
           შინაგანი ფაქტორების მიხედვით მოსწავლეებს უნდა გამოვუმუშავოთ: 1) ახალი გამოცდილებისათვის მზაობა; 2) შინაგანი ლოკუს-კონტროლი; 3) ფაქტორებსა და მოვლენებს შორის კონტროლის დამყარების მიდრეკილება.
            ხოლო გარეგანი ფაქტორების მიხედვით კი - 1) ფსიქოლოგიური უსაფრთხოება და დაცულობა; 2)თვითგამოხატვის თავისუფლება.
          არ უნდა დაგვავიწყდეს, შემოქმედებითი პროცესის თანმდევი კომპონენტია ემოციები.შეიძლება,საკითხვის განხილვისას სათანადო ხმაურიც იყოს კლასში,მაგრამ ზომიერი,რასაც აუცილებლად გაკონტროლება ესაჭიროება.
                       მოსწავლეს არ უნდა ჰქონდეს შიში თვითშეფასების.
         მასწავლებელმა ხელი უნდა შეუწყოს შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას. ბავშვს მივცეთ მეტი თავისუფლება პასუხში,გადაწყვეტილებების მიღებაში.უნდა გავითვალისწინოთ გამოცდილებისა და შეძენილი ცოდნის სინთეზის გზით ახალი შესაძლებლობების რეალიზება.
      ,,ვეფხისტყაოსნის“ შესწავლისას ამ კუთხით შემოქმედებითი აზროვნების განვითარებისთვის,ჩემი აზრით,ეფექტური იქნება როლური თამაშების,ესეს, ,,გონებრივი იერიშის“(ჯგუფურ მუშაობაში) აქტივობების გამოყენება.
                ,,გონებრივი იერიშის“(ამ ჯგუფური მუშაობის მეთოდის)გამოყენებით მეტი შანსია,იპოვნონ პრობლემის გადაჭრის სწორი გზა,მაქსიმალური რაოდენობის ახალი იდეა.
               როლური თამაშები ერთ-ერთი საინტერესო სტრატებიაა ერთსა და იმავე პრობლემის სხვადასხვა კუთხით დანახვისთვის,თემატურად მსგავსი შინაარსების დაკავშირებისთვის.
ასეთი მუშაობა ხელს უწყობს კრიტიკული და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.
              მიმაჩნია,რომ მასწავლებელმა უნდა ითანამშრომლოს მოსწავლეებთან,მათთან ერთად უნდა შეიმუშავოს შეფასების კრიტერიუმები მიზანი კი დაკვირვებისა და ობიექტური შეფასების უნარების განვითარებაა.ჯგუფის წევრებს შორის გამოვყოფთ დამკვირვებლებსაც,რომლებიც შეაფასებენ წევრებს შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით.ეს აღზრდის მოსწავლეებში პასუხისმგებლობასაც,მიდრეკილებას თვითრეალიზაციისკენ.ჯგუფები აფასებენ მუშაობის შედეგებს,გამოხატავენ საკუთარ მოსაზრებებს,ამოციებს,ამ დროს ხდება ჩვენი მიზნის მიღწევა ცოდნის კოგნიტურ,აფექტურ და მოტორულ სფეროში.
          ,,ვეფხისტყაოსნის“ პროლოგის შესწავლისას აუცილებელია გავითვალისწინოთ ზემოთ მოცემული მიზანი,მოვისმინოთ და მოსწავლეების საშუალებით განვიხილოთ,გავარკვიოთ განსხვავებული აზრი,მოსწავლეს შევუქმნათ კომფორტული გარემო-იყოს თავისუფალი,დაძლიოს მორცხვობა.
                    მივაღწიოთ,რომ ჩვენი ამგვარი მუშაობით გვყვავდეს მეტი კრეატიული მოსწავლე.შეგვიძლია,გაკვეთილი დავიწყოთ საბაზისო ცოდნის პრეზენტაციით,რასაც მოჰყვება კლასის ჩართულობა და თანდათან მივალთ მიზნამდე.
                ისეთი რთული ტექსტის შესწავლისთვის,როგორიცაა ,,ვეფხისტყაოსანი“ აუცილებელია მასწავლებლის და მოსწავლის შემოქმედებითი ურთიერთობა. ამ მიზნით ვიწყებ პროლოგზე მუშაობას.
     პროლოგი ნათლად გამოხატავს ,,ვეფხისტყაოსნის“ სულს,მის იდეურ-მხატვრულ სიდიადეს ის პოემის ნამდვილი მშვენებაა და ქართული პოეტური კულტურის სწორუპოვარი შედევრია.                        
           პროლოგის შესწავლას ვუთმობ ორ გაკვეთილს.
     პირველ გაკვეთილზე ვმუშაობთ მე-15 სტროფამდე - (შეხედულება შაირობაზე)
      საგაკვეთილო მასალის გაცნობისას მოსწავლეთა მეშვეობით ყურადღებას დამატებით ვამახვილებ შოთა რუსთაველის აქ წარმოდგენილ ზოგიერთ ბიოგრაფიულ ცნობაზე, XIIს-ის საქართველოს რიგ ისტორიულ-ყოფით მოვლენებზე.მოსწავლეთა ძალებით ვარკვევთ პოემის ავტორის მოძღვრებას შაირობაზე.ვუმდიდრებ ლექსიკურ მარაგს და ვავარჯიშებ გამომეტყველებით კითხაში.
      გაკვეთილზე ვიყენებ სოკრატულ, დედუქციურ, კომენტირებული კითხვის მეთოდებს.
         ტექსტობრივ მასალაზე მუშაობისას მოსწავლეთა ყურადღებას ვამახვილებ:
ა) პოემის შესწავლაშივე ავტორის   ქების ობიექტზე;
ბ) მიწიერი სინამდვილისადმი მის დამოკიდებულებაზე;
გ) ავტორის შეხედულებაზე პოემის ,,სპარსული  წარმომავლობის“ შესახებ და მის თანამედროვე გაგებაზე;
დ) შაირობის სპეციფიკურ დახასიათებაზე;
ე) შაირობის ჟანრობრივსა და იდეურ-თემატიკურ საკითხებსა და სხვაზე.
               ინდივიდუალური მუშაობისთვის ვაძლევ საორიენტაციო კითხვებს და დავალებებს,რომლებიც ხელს უწყობენ დამოუკიდებელ აზროვნებას. მაგალითად:
ა) ვისადმი მიმართვით იწყება პროლოგი და რა პოეტური სახითაა დახასიათებული მასში მიწიერი ქვეყანა?
ბ) რა უნდა ვიგულისხმოთ სიტყვა ,,ვეფხისტყაოსანში“ და რატომ ებრძვის რუსთაველი მას?
გ) როგორ უნდა გვესმოდეს დღეს აზრი ტაეპისა: ,,ესე ამბავი სპარსული,ქართულად ნათარგმანები“
დ) მოძებნეთ, რომელ სტროფში მსჯელობს პოეტი შაირობის თავისებურებაზე და გადმოეცით თქვენი სიტყვებით,რატომ უწოდებს შაირობას სიბრძნეს?
ე) დაუკვირდით მე-14 სტროფს და დაადგინეთ, რა როლი ეკისრება, ავტორის აზრით, პოეტურ აზროვნებაში ქართული ენის კარგად ცოდნას და მიზნობრივ განვითარებას.
          კომენტირებული კითხვის საშუალებით ვახდენთ ტექსტის პერიფრაზირებას.გამოვყოფთ ძირითად საკითხებს.ვაკეთებ დასკვნას და ვიწყებ სქემაზე მუშაობას- ,,ვიცი,მინდა ვიცოდე,ვისწავლე“-ვმუშაობთ წყვილებში.
რამდენიმე მოსწავლე აკეთებს პრეზენტაციას,ბავშვები თავისუფლად მსჯელობენ მოცემულ საკითხზე.დგება შეფასების და თვითშეფასების დრო.
     გაკვეთილის მსვლელობისას მასწავლებელი ახდენს დაკვირვებას მოსწავლეთა აქტივობასა და ქცევაზე,ჩართულობასა და პასუხის სისწორეზე.მოსწავლეთა აზრის გათვალისწინებით ხდება გაკვეთილის შეფასება. ე.ი ამ საკითხშიც მასწავლებელი თანამშრომლობს მოსწავლეებთან.
     ვაძლევთ საშინაო დავალებას,ვუნიშნავთ საზეპირო სტროფებს,დასაწერად კი ესეს - ,,შაირობა-სიბრძნის დარგი“, ,,შაირობის სახეები“.
     მეორე გაკვეთილზე ვახდენ პროლოგის ბოლომდე შესწავლას.
      გაკვეთილს ვიწყებთ საბაზისო ცოდნის გახსენებით - რა არის ჩვენი მოლოდინი პოემის შესწავლისას?როგორ გესმით სიტყვა-პროლოგი? რა არის პოემის პროლოგში ნათქვამი ფაბულის წყაროს შესახებ?(... ,,ესე ამბავი...“ ,,დავჯე რუსთაველმან გავლექსე“... ,,ვპოვე და ლექსად გადავთქვი“...)
    მოსწავლეები კითხულობენ სტროფებს ზეპირად,აკეთებენ კომენტარს.ვახდენთ საშინაო წერითი დავალების შემოწმებას,პრეზენტაციას (ვაკითხებთ რამდენიმე ბავშვს) მოსწავლეები ახდენენ შეფასებას,მსჯელობენ შესრულებული დავალების ირგვლივ)
  ბუნებრივად,თანდათან მივდივართ შემდეგი ნაწილის,ახალ მასალაზე სამუშაოდ.
    ვიწყებთ მიჯნურობის საკითხზე მუშაობას.
           ვიყენებ შემდეგ აქტივობებს:
ა) ტექსტის კომენტირებული კითხვა;
ბ) ლექსიკაზე დაკვირვება;
გ) პერიფრაზირება;
დ) ძირითადი საკითხების გამოკვეთა,ჩამოწერა;
      ტექსტის სირთულიდან გამომდინარე სასურველია კლასში მთლიანად დამუშავდეს სტროფები.ტექსტობრივ მასალაზე მუშაობისას მოსწავლეთა ყურადღებას ძირითადად ვამახვილებ:
ა) მიჯნურობის საზეო ხასიათსა და ადამიანისათვის აღმაფრენის მინიჭების შესაძლებლობაზე;
ბ) მიწიერი მიჯნურობის უპირატესობის ავტორისეულ დასაბუთებაზე;
გ) მიჯნურთა რუსთაველისებური ზნეობის არგუმენტირებასა და უშუალობაზე;
დ) მთავარი აზრის ავტორისეული გადმოცემის პოეტურ ოსტატობაზე;
ე) სალექსო სტრიქონისა და სტროფის აგებულებაზე
       შემოქმედებითი აზროვნების განვითარების მიზნით ვაძლევ საოერნტაციო კითხვებს:
1.    როგორ უნდა გავიგოთ პოეტის მითითება ,,ჩემი აწ ცანითი ყოველმან...“, ,,მას ვაქებ,ვინცა მიქია“, ,,მიაჯეთ ვინ,ხორცთა დაწვა კმარის,მისცეს სულთა ლხენა“...
2.    ჩამოთვალეთ ის ფიზიკური და სულიერი მხარეები,რაც უნდა ახასიათებდეს,რუსთაველის აზრით,კარგ მიჯნურს;
3.    დაუკვირდით 24-ე, 25-ე, 26-ე, 27-ე სტროფებს და გაარკვიეთ,რა განსხვავებაა ჯანსაღი მიჯნურებასა და სიძვას შორის;
4.    დააკვირდით 28-ე, 29-ე, 30-ე, 31-ე სტროფებს და დაადგინეთ,ვის უწოდებს ავტორი ,,ავ კაცს“
5.    პოეტის თქმით,რა მართებს ჭეშმარიტ მიჯნურს,(დაძებნეთ შესაბამისი სტრიქონები).
6.    რას მოიცავს,პოეტის აზრით,ღვთაებრივი სიყვარული.(ვისაუბრეთ პატონურ სიყვარულზე პოემაში)
7.    თქვენ რას ფიქრობთ შოთა რუსთაველისებურ სიყვარულზე?
8.    როგორია,თქვენი აზრით,სიყვარულის თემა თანამედროვე ცხოვრებაში?
9.    დააკვირდით პროლოგიდან ნებისმიერ სტრიქონს და გაარკვიეთ,რამდენი მარცვლისგან შედგება იგი.(ასეთი მუშაობის საფუძველზე მოსწავლეებს მიეცემათ განმარტება,რატომ უწოდებენ რუსთაველის ლექსს თექვსმეტმარცვლიან ლექსს)
10.                       მოძებნეთ ტექსტში აფორიზმები და გადმოეცით მათი შინაარსი თქვენი სიტყვებით (განვიხილავთ რამდენიმეს)
ვაკეთებთ დასკვნას და ვიწყებთ დამოუკიდებელ სამუშაოს-ჯგუფურ მუშაობას.
    კლასს ვყოფთ ჯგუფებად და თითოეულ მათგანს ვაძლევთ ბარათებს, რომელშიც მოცემულია,თუ რა სახის დავალებაზე უნდა იმუშაონ,ვარჩევთ ლიდერს-პრეზენტატორს.
       შეიძლება მივცეთ შემდეგი სახის დავალებები:
1.    ვის უძღვნის პოეტი ,,ვეფხისტყაოსანს“ (ამოვწეროთ პოემიდან  სათანადო სტროფები)
2.    როგორი სიყვარულია ,,აღმაფრენის“ მიმცემი,როგორი დასაგმობი-(ამოვწეროთ სათანადო სტროფები პროლოგიდან)
3.    ჩამოთვალეთ მიჯნურისა და მიჯნურობის დამახასიათებელი ნიშნები პროლოგის მიხედვით.
        ვაწესებთ მუშაობისთვის დროს.შემდეგ ლიდერი აკეთებს პრეზენტაციას,ხდება ნამუშევართა შეფასება,ყველა მოსწავლე,(შეძლებისდაგვარად),ღებულობს მონაწილეობას.ერთხელ კიდევ მოსწავლეთა  ძალებით ვაკეთებთ დასკვნას სამუშაო თემის ირგვლივ.
გადავდივართ საშინაო დავალებაზე.
ა) დაისწავლონ სტროფები მიჯნურობაზე ( შერჩევით)
ბ) დასაწერად - ა) ,,იგია საქმე საზეო“
                             ბ) ,,ერთი უჩნდეს სამიჯნურო“
                             გ) ,,ვინ არის ჭეშმარიტი მიჯნური პოემის
                                  პროლოგის მიხედვით“
    განვუმარტავთ დავალებას და ვავალებთ,ესე მოამზადონ პროლოგის სათანადო ადგილების გამოყენებით

                                                               
      გამოყენებული ლიტერატურა:
1.    ,,მოსწავლეთა შემოქმედებითი აზროვნების განვითარებისთვის“- ეკა ხუციშვილის და თამარ ჩუბინიძის წერილი-ნაშრომი.
(ჟურნალი ,,მასწავლებელი“, N1-2012წ)

2.    ,,პროლოგი-როგორ გავიგოთ,როგორ ვისწავლოთ“- ნელი რუხაძის წერილი-ნაშრომი
       (ჟურნალი ,,ქართული ენა და ლიტ-რა სკოლაში“)
3.    სახელმძღვანელო - ,,ქართული ენა და ლიტერატურა“ ძველი ქართული მწერლობა, Xკლასი.გამომცემლობა ,,სწავლანი“, ვახტანგ როდონაია და მისი ჯგუფი.

                მასწავლებელი : დალი თურქაძე
დასკვნა
რეცენზიის გათვალისწინებით საზეპიროდ მივცემ შემდეგ სტროფებს: 1. N1 ,,რომელმან შექმნა სამყარო...“
                     2. N3 ,,ვის ჰშვენის’’...
                     3. N9 ,,მე,რუსთველი,ხელობითა“...
                     4. N12 ,,შაირობა პირველადვე“...
                     5. N15 ,,მოშაირე არა ჰქვია“...
                     6. N16 ,,მეორე ლექსი ცოტაი“...
                     7. N17 ,,მესამე ლექსი“...
                     8.N24 ,,მიჯნურობა არის ტურფა“...
                     9. N25 ,,ხამს მიჯნური ხანიერი“...
                    10. N27 ,,ამა საქმესა მიჯნური“...



Комментариев нет:

Отправить комментарий